ჯანმო: "როგორც კი ყურადღებას მოადუნებ, Covid-19 კვლავ შემობრუნდება, ეს არის ფაქტი და რეალობა"
10/08/2020 16:41:30 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, Covid-19–ის ხელახალი მასშტაბური გავრცელების რისკი იმ ქვეყნებშიც არსებობს, სადაც ვირუსს წარმატებით უმკლავდებიან და ცდილობენ, რომ აკონტროლონ.
"ქვეყნები ყურადღებას უნდა ამახვილებდნენ ვირუსის საპასუხო ზომებზე. ეს პასუხი უნდა იყოს სწრაფი და ეფექტური. კორონავირუსი არსად წასულა. იგი ნათლად აჩვენებს, რომ როგორც კი ყურადღებას მოადუნებ, Covid-19 კვლავ შემობრუნდება. გნებავთ, მე–2 ტალღა დაარქვით, გნებავთ – აფეთქება, ეს ფაქტია. ხალხს ამის მოსმენა არ სიამოვნებს მაგრამ, ეს რეალობაა", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა და მოსახლეობას 3 ძირითადი რეკომენდაციის (ხელების დაბანა, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება) დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 734 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 000 000–ს გადააჭარბა, 12 901 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


