მესტია იკეტება – რა გეგმაა ტურისტებთან დაკავშირებით
10/08/2020 11:07:32 საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ტურისტებს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სავალდებულო კარანტინის გავლა ასევე მოუწევს ყველა მოქალაქეს, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს.
„კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თვიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მან ასევე იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში უშგულში, დაბა მესტიასა და ლენჯერში იმყოფებოდნენ და მოუწოდა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს მიმართონ.
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.GE რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთა შესაძლო კონტაქტს.
"ჯერჯერობით ყველა ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ იქ ყოფნა, სადაც არიან. სასურველია ყველა დარჩეს თავის ადგილას“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ირკვევა, რომ დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.
„თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, „კოვიდ 19“-ის ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო სივრცეში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, გაივლის სავალდებულო კარანტინს, ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს და უწყებების კოორდინებულ ქმედებებს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის: დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი იკეტება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე–ღამეში ზემო სვანეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები გამოვლინდა თბილისშიც.


