COVID-19–ით ინფიცირებული ექიმის და მედდის 78 კონტაქტი თვითიზოლაციაში გადავიდა
10/08/2020 10:27:08 საზოგადოება
გორში, კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა, ლუგარის ცენტრში კი დამატებით 60 ნიმუში გაიგზავნა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.
ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ექიმის და მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანს მკურნალობა გორში, სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდკლინიკაში უტარდება.
„მედდის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. როგორც ცნობილია, ინფიცირებული ექიმი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა, ამიტომ გაძლიერებულია ინფექციის კონტროლი აღნიშნულ საავადმყოფოებში, შესაბამისად, გაცემულია დამატებითი რეკომენდაციები აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებებისთვის“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ორი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი ინფიცირებული ექიმი, მეორე კი - მედდაა.
შიდა ქართლში, მთლიანობაში, კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.


