სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა
10/08/2020 08:51:31 საზოგადოება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.
„შაბათს 1552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა და შემდგომ უკვე კარანტინში დაემატა იმავე ოჯახიდან კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი. 127 საკვლევი მასალა არის დღეისათვის კვლევაში. შესაბამისად, რადგან შეფასდა სიტუაცია და სოფელში მასობრივი გავრცელება აღარ არის და არის იშვიათი შემთხევევები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელში საკარანტინე რეჟიმი გაუქმებულიყო. წუხელ, ღამის 12 საათიდან მოიხსნა ბლოკ-პოსტები და სოფელი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარაჯალარში დღემდე 3 600-ზე მეტი საკვლევი მასალა იქნა აღებული პისიარ ტესტირებისთვის. ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 44 დადასტურებული შემთხევაა დაფიქსირებული.
სოფელი ყარაჯალარი ეპიდემიოლოგების რჩევით და მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 ივლისს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა.


