COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლის მიუხედავად, იაპონია ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვას გამორიცხავს
10/08/2020 05:43:34 მსოფლიო
COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლის მიუხედავად, იაპონია ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვას გამორიცხავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ განაცხადა.
"არ ვაპირებთ, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ხელმეორედ შემოღებას, რადგან ეს ეკონომიკას უმძიმეს შედეგებს მოუტანს. ვითვალისწინებთ რა, ჩაკეტვის შედეგების გავლენას დასაქმებასა და ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჩვენ ყველანაირი ზომები უნდა მივიღოთ, რომ ვაკონტროლოთ ინფექცია და ქვეყნის ხელახალი ჩაკეტვა თავიდან ავიცილოთ", – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში იაპონიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე– ღამის განმავლობაში დაავადებით 1 492 ადამიანი დაინფიცირდა. ახალი შემთხვევებიდან 331 ტოკიოში დაფიქსირდა, სადაც ცოტა ხნის წინ საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ქვეყანაში COVID-19-ს 1060 ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 48 702 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 734 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 000 000–ს გადააჭარბა, 12 901 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


