დუდა და ნაუსედა ლუკაშენკოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ
10/08/2020 05:31:28 მსოფლიო
პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ანჟეი დუდა და გიტანას ნაუსედა ბელარუსელ კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ.
„გვჯერა, რომ დიალოგი სოციალური განვითარების ხელშეწყობისა და რეფორმებისა და პოლიტიკის განხილვის საუკეთესო გზაა“,- აღნიშნულია ორი ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
დუდასა და ნაუსედას მიაჩნიათ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ბელარუსისთვის ხელსაყრელია და სურთ, რომ ამ თანამშრომლობისთვის კარი ღია დარჩეს, თავად ბელარუსმა კი ერთიან ევროპულ ოჯახთან ურთიერთობების გაძლიერება გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა დაუჭირა მხარი. აღნიშნული შედეგების გამოცხადების შემდეგ მისკში აქცია ჩატარდა, რომელიც სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. არიან დაკავებულები და დაშავებულები.


