Accentnews.ge
სასულიერო პირები რუსეთ–საქართველოს ომზე საუბრობენ

სასულიერო პირები რუსეთ–საქართველოს ომზე საუბრობენ

08/08/2020 11:35:05 საზოგადოება

ცნობილი გამოთქმა - „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს, - ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

როგორც მეუფე აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია, ხოლო რუსეთის ოკუპანტია!

„კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამდე და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.

აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს.

ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.

ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი.

და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა.

საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!”- წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).

დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ რუსეთი საქართველოს უმთავრესი მტერია უკვე ორ საუკუნეზე მეტია.

სასულიერო პირი ამბობს, რომ რუსული იდეოლოგიური მანქანა ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველ ხალხში ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ სიძულვილი დათესოს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობენ ღიად პრორუსული პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც პატრიოტიზმის ტერმინოლოგიით არიან შენიღბულები.

"არც იმის მტკიცებაა საჭირო, თუ რამხელა ტრაგედია და დანაკარგები იწვნია ჩვენმა ქვეყანამ და ერმა 2008 წლის აგვისტოში იმპერიალისტური რუსეთის თავდასხმისას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ხალხში არსებული რუსული იდეოლოგიური გავლენები მაინც ღრმად რჩება: გვყავს ღიად პრორუსული (ესე იგი რუსეთიდან მართული) რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება შენიღბულები პატრიოტიზმის და პროქართულობის ტერმინოლოგიით, წითელი ინტელიგენციის პრორუსული ნარჩენები, რუსული რელიგიურ-იდეოლოგიური მენტალობის გავლენა ღრმად ატყვია ბევრ ქართველ მორწმუნეს როგორც საეროს, ისე სასულიეროს.

ყველაფერს აკეთებს რუსული იდეოლოგიური მანქანა, რომ დათესოს ქართველ ხალხში ევრო-ამერიკული ცივილიზაციის და პოლიტიკური კურსის მიმართ ზიზღი და უნდობლობა, იყენებს საამისოდ თავის მიერ მართულ ტელევიზიებს, გაზეთებს, ინტერნეტსაიტებს, ცნობილ სახეებს. ვერ ვიტყვი რომ დიდ წარმატებას აღწევენ ამ საქმეში, მაგრამ თუნდაც 10 პროცენტიანი ამ გვარი მენტალობის (ესე იგი სამშობლოს ნებსითი, თუ უნებური მტრების) მასის ყოლა სამწუხარო და ტრაგიკული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებიდან ჩვენი ქვეყნის გამოსვლის და სახელმწიფოებრივი აღორძინების, ეკონომიკური წინსვლის და ადამიანის პიროვნების დაცვის ერთადერთი გზა საქართველოს ევრო-ამერიკული ინტეგრაციაა, ესაა ღმერთის მიერ მოცემული ისტორიული გზა, რომლის გარეშეც საქართველოს განვითარება და რუსული ჭაობიდან თავდახსნა შეუძლებელია.

დიდება და მარადიული ხსოვნა აგვისტოს გმირების და რუსულ ოკუპაციასთან (1801 წლიდან დღემდე) მებრძოლი ყველა გმირის სახელებს მოყოლებული ქართლ-კახეთის ბატონიშვილ (უფლისწულ) ალექსანდრე ერეკლეს ძით და მეფე სოლომონ მეორეთი და აგერ ორიოდე წლის წინ წამებით მოკლული გმირის, არჩილ ტატუნაშვილით დაბოლოებული! ღმერთმა ადიდოს და გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოს და მრავალტანჯულ ერს!", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი აღნიშნავს, რომ "2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. ასიც რომ გავიდეს, გმირები დარჩებიან გმირებად. რუსეთი სამარცხვინო დამპყრობლის სახელს ვერ მოიშორებს. დარჩება აგრესორ, არასანდო „ერთმორწმუნე“ მეზობლად. უბედურება ისიც არის, რომ მარტო საქართველოსთვის არა...".

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S