საქართველოში COVID-19–ის 240 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
06/08/2020 07:40:21 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ეზუგბაიას თანახმად, ამჟამად კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 81.8%–ია.
„იმპორტირებული შემთხვევებიდან სამი პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ ახალ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას:
„ჩვენთან გუშინ 40 პაციენტი გახლდათ. სამი გამოჯანმრთელდა, ერთი დაგვემატა და დღეს გვყავს 38 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ისინი ფასდებიან, როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები“.
ცნობისთვის: 6 აგვისტოს დილის მონაცემებით საქართველოში ჯამში კორონავირუსის 1206 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 987 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.


