ბაჩალიაშვილები ხვალ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ
05/08/2020 18:19:26 საზოგადოება
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი 6 აგვისტოს, 12:00 საათზე პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებს.
"ხვალ 12:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან მობრძანდით და ხვალ გავაკეთებთ განცხადებას", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა შსს–ს გამოძიების შუალედური ანგარიშის კომენტირებისას.
შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამასთან, შსს–ს ვე ცნობით, ახალგაზრდა ქალი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე ინტერნეტში თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ეძებდა ინფორმაცას.
ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს. შს სამინისტრომ 4 აგვისტოს გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ. როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან 5 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეთავაზება FBI-ში უკვე გაგზავნილია.


