ბეირუთის გუბერნატორი: "ნახევარი ქალაქი დანგრეულია, 300 000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი"
05/08/2020 10:31:07 მსოფლიო
ბეირუთის გუბერნატორ მარვან აბბოუდის განცხადებით, პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად ნახევარი ქალაქი დანგრეულია და დაახლოებით 300 000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.
მისივე თქმით, ზარალი დაახლოებით 3 მლრდ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ლიბანის პრემიერ–მინისტრმა ჰასან დიაბმა მსოფლიოს დახმარების თხოვნით მიმარტა.
"ყველა ქვეყანასა და ლიბანის მეგობრებს ვთხოვთ გაზარდონ დახმარება ჩვენს მიმართ. ნამდვილი კატასტროფის წინაშე ვართ", – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ბეირუთში, პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი. როგორც "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა:
"ლიბანში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. პანდემიის პირობებში, მათი უმრავლესობა გაემგზავრა ლიბანიდან. ამ დრომდე საელჩოში ან საქართველოს საპატიო კონსულთან ლიბანში საქართველოს მოქალაქეების ზარი არ შემოსულა.საელჩო კავშირზე ამანში ლიბანის საელჩოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".
იხილეთ ასევე: მედია: ამონიუმის ნიტრატი ბეირუთში ბათუმიდან, რუსეთის მოქალაქის კუთვნილი გემით შეიტანეს


