ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი
05/08/2020 04:44:33 მსოფლიო
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ცნობით, ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ბეირუთის პორტში, საკონტეინერო საწყობების ტერიტორიაზე, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა, ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. როგორც ლიბანის პრემიერ მინისტრმა ჰასან დიაბმა განაცხადა, ადგილზე 2 700 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. "თუმცა რამ გამოიწვია კატასტროფა ამის დასადგენად გამოძიებას არ გავუსწრებ წინ", – დასძინა მან.
მომხდარის გამო ბეირუთს სამძიმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიუსამძიმრა.
ქვეყანაში 5 აგვისტო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ამასთან, დღეიდან 14 დღის განმავლობაში ლიბანში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.
ბოლო პერიოდში ისრაელსა და ლიბანურ "ჰეზბოლას" შორის დაპირისპირება გამწვავდა. ბეირუთში აფეთქების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ტელეკომპანია „ალ-ჰადათი“ ისრაელის სარაკეტო იერიშს ასახელებს. თუმცა ეს უკანასკნელი აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.


