ბეირუთის საავადმყოფოები მოსახლეობას სისხლის დაუყოვნებლივ ჩაბარებისკენ მოუწოდებენ: "გვყავს ასობით დაშავებული"
04/08/2020 17:45:46 მსოფლიო
ლიბანის დედაქალაქში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, – იუწყება "Reuters".
ბეირუთის საავადმყოფოები მოსახლეობას სისხლის დაუყოვნებლივ ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.
"გვესაჭიროება ყველა ჯგუფის სისხლი. ყველას, ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიხვიდეთ საავადმყოფოებში და გაიღოთ სისხლი", – ნათქვამია ბეირუთში "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებაში.
ამასთან, ბეირუთში "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, მათ "ცხელ ხაზზე" მხოლოდ "მძიმე და კრიტიკულ" მდგომარეობაში მყოფებმა დარეკონ:
"ასობით ზარი შემოდის. ვთხოვთ მოსახლეობას, მხოლოდ მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფებმა დარეკონ".
ცნობისთვის: ბეირუთის პორტში, საკონტეინერო საწყობების ტერიტორიაზე, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა, ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქში სახლები დაანგრია და ბიძგები კვიპროსშიც კი იგრძნობოდა. ლიბანში შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.
დაზიანებულია ბეირუთის აეროპორტიც, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 10 კმ–ში მდებარეობს. შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება:
აფეთქების ამსახველი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება:
აფეთქების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.


