აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება
04/08/2020 08:48:14 საზოგადოება
მას შემდეგ, რაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წინ აქცია გამართეს, მათთან შეხვედრის სურვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გამოთქვა.
შეხვედრა დახურულ კადრს მიღმა ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღეს გამართულ აქციაზე თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა და საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობა მოითხოვა.
"მოვითხოვ ამ საქმეში FBI-ს ჩართულობას. მინდა, ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ, დედაა და მასაც ჰყავს შვილები, მინდა გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი ტკივილი, დედის ტკივილი, რომელსაც შვილი უმოწყალოდ, წვალებით, ტანჯვით, დაკრუნჩხული თითებით... აწამეს და ისე მოკლეს. გთხოვთ ქალბატონო კელი, გეჩოქებით, გულთან ახლოს მიიტანეთ ეს საქმე. აქ ვერ მივაღწიე მე სამართალს", – განაცხადა აქციაზე თეონა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, თუ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ჩაერთვება, შიმშილობას დაიწყებს.
„საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას, ველოდები სამი დღის განმავლობაში. უკვე გაგზავნილია ოფიციალური წერილი, თუ არ მოხდება FB–ს ჩართულობა, მე, დედა დავჯდები და გამოვაცხადებ შიმშილობას“.
ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.


