დეკანოზი ჯაღმაიძე ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას განმარტავს
03/08/2020 17:51:10 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, როდესაც თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებული არაა, ეკლესია კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე სანუგეშო გადაწყვეტილებას იღებს. ამის შესახებ მან 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილისთვის
წესის აგების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„დღეს იყო მოსული ოჯახი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს ამ ძალიან მძიმე განსაცდელში. ოჯახი იყო მოსული, გარემოებები მოგვიყვა. შეხვედრა იყო მეუფე შიოსთან და მათი სურვილი იყო, წესის აგების საკითხზე პატრიარქს მათთვის სანუგეშო გადაწყვეტილება მიეღო. პატრიარქმა ნება დართო წესის აგებისთვის და ეს მათთვის ნუგეშია. ღმერთმა აცხოვნოს, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ასე ტრაგიკულად წავიდა.
ზოგადად, როცა დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი და იქ მოტივსაც მნიშვნელობა აქვს, მაშინ ეკლესია იღებს თავისი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილებას მისი სულისათვის, მისი ოჯახისათვის. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, ვერავინ ერთმნიშვნელოვნად ამაზე ვერ დადებს თავს, ამიტომ ასეთ ვითარებაში ეკლესია რა გადაწყვეტილებასაც იღებს, სწორედ მისი შესაბამისი ნებართვა გასცა პატრიარქმაც“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
ოჯახს თვითმკლვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა და საქმეში FBI–ს ჩართვას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება.


