„დადგა მომენტი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება!“ – ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას აანონსებს
03/08/2020 17:14:14 საზოგადოება
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში FBI–ს ჩართვას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ხვალ, 4 აგვისტოს, 12:00 საათზე აშშ–ის საელჩოს წინ აქცია გაიმართება.
ბაჩალიაშვილის დედა მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდებს.
„ვინც მწერდით და მირეკავდით, მწუხარებას გამოთვამდით და მეკითხებოდით, რით შეგვიძლია დაგეხმაროთო, დადგა ის მომენტი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება. დავდგეთ საელჩოს წინ და მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ჩემს შვილს თავის არ მოუკლავს! გთხოვთ შვილმოკლულ დედებს და მათ, ვისაც გინდათ, რომ შვილები კარგად გყავდეთ, მივმართავ შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ, ვითხოვ, რომ FBI იყოს ჩართული!“,– განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
მას გამოძიებასთან კითხები აქვს, ხოლო თუ პროკურატურა გამოძიებაში FBI–ს ჩართვაზე უარს იტყვის, დედის თქმით, დაადასტურებს, რომ „საქმეში მათი ხელი ურევია“.
„რა ინფორმაციაც კი მივაწდეთ [გამოძიებას], ჩიხში შეგვიყვანეს; ყველა გამომძიებელი, რომელიც საქმის კურსში იყო, შვებულებაში გაუშვეს. [...] უფრო კულტურულად მაყრიან თვალში ნაცარს, ვიდრე თეთრწყაროში მაყრიდნენ, დროს წელავენ“,– განაცხადა დედამ „ფორმულას“ ეთერში.
ამასთან, დედას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილის „დისკრედიტაციას აპირებენ“
„ამასმე არ დავუშვებ!“,– ამბობს დედა.
ოჯახი ითხოვდა პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას, თუმცა როგორც თამაზაშვილი ამბობს, მათ მთავრობის ადმინისტრაციიდან არავინ დაკავშირებიათ.
„17 დღე დიდი დროა. აქამდე გახარიას ველოდებოდი, როგორც მამას, პატიოსან კაცს. მეგონა თავად ან მისი პრესცენტრი ტელეფონზე მაინც დამიკავშირდებოდა, მაგრამ ახლა ამის იმედი არ მაქვს, არც გამოძიებას ვენდობი!“,– დასძინა თამაზაშვილმა.
ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ თვიმთმკვლელობის ვერსია გამორიცხულია და გამოძიება დასაწყებია მკვლელობის ორგანიზების ვერსიაზე.
რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული საკალმახე მეურნეობა შპს "ათის" განცხადებას, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული კამერები 4 წელია არ მუშაობს, ადვოკატს კითხვებს უჩენს. კერძოდ, როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, მას ობიექტის მენეჯერმა გარკვევით დაუდასტურდა, რომ კამერები მუშაობდა.
"გარკვევით მითხრა ადამიანმა, მუშაობსო და ახლა გაფუჭდა, თუ მომატყუა?“,– კითხულობს რამიშვილი.
აღნიშნული ლოკაციის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია რამიშვილმა მიწოდა და ვიდეოკამერების ჩანაწერების შემოწმება მოსთხოვა. რამიშვილი ფიქრობს, რომ საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე შესაძლოა, ბაჩალიაშვილს შეხვედრა ჰქონოდა.
23 წლის პროგრამისტის ცხედარი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა.


