ირანის სახელმწიფო ტელევიზია: "ქვეყანაში COVID-19–ით ყოველ 7 წუთში ერთი ადამიანი იღუპება"
03/08/2020 11:59:48 მსოფლიო
ირანში COVID-19–ით ყოველ 7 წუთში ერთი ადამიანი იღუპება, – იუწყება ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერმა სიმა სადათ ლარიმ განაცხადა, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი სოციალური დისტანციის არდაცვა და პირბადეების არტარებაა.
დღეს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე 3–ჯერ მეტია.
მედიის ცნობით, მთავრობის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ 20 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 42,000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში COVID-19–ს 14,405 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეალური მაჩვენებელი, ოფიციალურ მონაცემებზე ორჯერ მეტია და 278,827-ის ნაცვლად 451,024-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემები BBC-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ირანში პანდემია პოლიტიკური თამაშების სამიზნეა.


