დიდ ბრიტანეთში COVID-19–ის გამოვლენა 24 საათის ნაცვლად, 90 წუთში იქნება შესაძლებელი
03/08/2020 09:37:27 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის დადგენა 90 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სადღეისოდ კორონავირუსის ტესტის შედეგები 24 საათში ხდება ცნობილი. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ამას ორი დღე სჭირდება.
ტესტების გამოყენება მომდევნო კვირიდან დაიწყება. 500 000 ტესტი ხელმისაწვდომი გახდება როგორც ლაბორატორიებში, ისე ხანდაზმულთა სახლებში.
ტესტების სიზუსტის თაობაზე საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები ჯერ–ჯერობით არ არსებობს, თუმცა როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯონ ბელი (რომელიც ხელისუფლებას ტესტების შესახებ რჩევებს აძლევს) აცხადებს, ტესტები იგივე მგრძნობლობისაა, როგორებიც დღეს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ლაბორატორიებშია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი 14 დღით გადაიდო.


