სამხრეთ კორეის რელიგიური ჯგუფის ლიდერი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს
03/08/2020 08:31:54 მსოფლიო
სამხრეთ კორეის რელიგიური ჯგუფის "Shincheonji" ლიდერი ლი მენ–ჰი ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
მას შესაბამისი ორგანოებისთვის რელიგიურ მსახურებაზე მყოფთა თაობაზე არასწორი სიის გადაცემას ედავებიან. საქმე ეხება თებერვალში Covid-19–ით ინფიცირების პირველ შემთხვევებს, რომელის წყაროდაც "Shincheonji"–ს რელიგიურ შეკრებას ასახელებენ.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, არასწორი სიის შედეგად დროულად და სათანადოდ ვერ მოხერხდა ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა გამოვლენა, რამაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებას შეუწყო ხელი.
აღნიშნულ რელიგიურ შეკრებას ვირუსით ინფიცირების 2000–ზე მეტი შემთხვევა უკავშირდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ კორეაში Covid-19-მა 301 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 14 389 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 692 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 237 000–ს გადააჭარბა, 11 448 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1179-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 959 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


