"გერმანიიდან გამოყვანილი 11 900 ამერიკელი ჯარისკაციდან 6 400 აშშ–ში დაბრუნდება, ხოლო დანარჩენი სხვასხვა ქვეყნებში გადანაწილდება"
29/07/2020 14:27:49 მსოფლიო
"გერმანიიდან გამოყვანილი 11 900 ამერიკელი ჯარისკაციდან 6 400 აშშ–ში დაბრუნდება, ხოლო დანარჩენი სხვასხვა ქვეყნებში გადანაწილდება", – ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აღნიშნული გეგმის განხორციელების შემდეგ გერმანიაში 25 000 ამერიკელი სამხედრო დარჩება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ ქვეყნებში განთავსებიან გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცები. 25 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გააგზავნონ.
ცოტა ხნის წინ ტრამპმა გერმანია თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გერმანიაში განთავსებული ამერკელი სამხედროების რაოდენობის 25 000-მდე შემცირებას გეგმავს.
"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ის კი არასწორად იქცევა ნატო–ში შენატანთან დაკავშირებით. ასე, რომ ვგეგმავთ, 25 000-მდე შევამციროთ გერმანიაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა. ალიანსის წევრები აღარ უნდა ეყრდნობოდნენ ასე მძიმედ აშშ–ს თანხებს ნატო–ს შესანარჩუნებლად. აშშ–ის კონტინგენტის განთავსებით გერმანია ფინანსურ სარგებელსაც იღებს, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ფულს ამ ქვეყანაში ხარჯავენ", – განაცხადა ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.
რიგი ამერკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონი გერმანიაში კონტინგენტს შეამცირებს, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ხოლო ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.
ამ დროისთვის გერმანიაში 34 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.


