საიტები, რომლებსაც რუსეთი COVID-19-ზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს
29/07/2020 09:39:32 მსოფლიო
რუსეთის სპეცსამსახურები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ რამდენიმე ინგლისურენოვან საიტს,– იუწყება ამერიკული მედია აშშ–ის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ გამოიყენა სულ მცირე, სამი საიტი – InfoRos.ru, Infobrics.org და OneWorld.press, რომელზეც ბოლო ხანს 150-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა შეთქმულების თეორიის პროპაგანდის, აშშ-ის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენის და რუსეთისთვის დადებითი იმიჯის შექმნის მიზნით. მათ შორისაა პუბლიკაციები რუსეთის მიერ აშშ-ის დასახმარებლად გაგზავნილ სამედიცინო აპარატურაზე და ჩინეთის მტკიცებაზე, რომ ახალი სახეობის კორონავირუსი, როგორც ბიოლოგიური იარაღი, ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა.
დოკუმენტში ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის განკუთვნილი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული პუბლიკაციების ორგანიზატორებად დასახელებულნი არიან დენის ტიურინი და ალექსანდრ სტარუნსკი, რომლებსაც ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან.
მედია წერს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები იძიებენ კიდევ ერთი ინტერნეტ-გამოცემის Strategic Culture Foundation-ის კავშირებს რუსეთის საგარეო დაზვერვასთან.
ცნობისთვის: რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან InfoRos-ის и One World-ის შესაძლო კავშირები 2020 წლის ივნისში ბრიუსელში ბაზირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ EU DisinfoLab-მაც შეისწავლა. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გარკვეული ტექნიკური დეტალების მიხედვით, ამ საიტებს კავშირი აქვთ რუსეთის სახელმწიფოსთან; გამოვლინდა ფინანსური კავშირები InfoRos-სა და რუსეთის მთავრობას შორის. თავად საიტის ადმინისტრაციამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.


