საქართველოში COVID-19–ის იმპორტირებული შემთხვევების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის
29/07/2020 08:55:32 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 11 ივლისის ჩათვლით ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ანალიზს მოიცავს.
კერძოდ, 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში აღრიცხული 980 შემთხვევიდან 272 (27.7%) იმპორტირებული იყო. აქედან 46,6% (127) რუსეთზე მოდის, 8.4% (23) თურქეთზე, 8% (22) და 7.7% (21), შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი აქვს. საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას 14–დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.
29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 1 155 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 929 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.


