საქართველოში სამედიცინო პერსონალის COVID-19–ით ინფიცირების მაჩვენებელი 13.2%–ია
29/07/2020 07:40:01 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა COVID-19-ით დასნებოვნების 129 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს, მათ შორის 111 (86.1%) არის სამედიცინო პერსონალი და 18 (13.9%) - ტექნიკური პერსონალი.
ანგარიშის თანახმად, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია. პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის. კერძოდ, ვირუსი დაუდასტურდა
- 62 ექთანს;
- 31 ექიმს;
- 16 უმცროსი სამედიცინო პერსონალს;
- 1 ეპიდემიოლოგს.
ანგარიშის მიხედვით, ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (70 წლის ექთანი ქალი, ქვემო ქართლი). ამდენად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობა 0,9%-ია.
სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მეტწილად ჰოსპიტალურ დაწესებულებებში მოხდა, მათშორის 52% ე.წ. „კოვიდ კლინიკებზე“ მოდის.


