ნატო–სა და ევროკავშირის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა შემცირდა
28/07/2020 09:43:28 პოლიტიკა, საზოგადოება
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ევროპული და ევროატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. კერძოდ, გამოკითხულთა 76%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ნატო–ში გაწევრიანებას კი გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს.
ინფორმაციისთვის: 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 6%-ით, ხოლო ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 5%-თაა შემცირებული.
შემცირდა ევროკავშირისა და ნატო–ს მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც. კერძოდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8%-ისთვის (2019 წელს მიუღებელი იყო 10%–ისთვის), ხოლო ნატო–ში გაწევრიანება – 11%-ისთვის (2019 წელს მიუღებელი იყო 14%–ისთვის).
კითხვაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ ევროკავშირის მიმართ თქვენი დამოკიდებულება, გამოკითხული მოსახლეობის 61% ამბობს, რომ პანდემიას მათ დამოკიდებულებაზე საერთოდ არ მოუხდენია გავლენა, 19%-ის მოსაზრება დადებითისკენ შეიცვალა, ხოლო 9%-ის - უარყოფითისკენ.
მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ინტეგრაციით? გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.


