Accentnews.ge
ცერცვაძე ვარაუდობს, რომ COVID-19–ის პანდემია მომავალი წლის ზაფხულამდე გაგრძელდება

ცერცვაძე ვარაუდობს, რომ COVID-19–ის პანდემია მომავალი წლის ზაფხულამდე გაგრძელდება

28/07/2020 08:01:45 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ თუ ვაქცინა ვერ შეიქმნა, COVID-19–ის პანდემია მომავალი წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.

„პანდემიის ვადები არავინ იცის. ჩემი სუბიექტური აზრია, თუ იქნება ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, ეს დამთავრდება მაშინ, როცა გაჩნდება ვაქცინა, სავარაუდოდ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. თუ ვერ შექმნეს ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, მაშინ არავინ იცის, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ეს გაგრძელდება კიდევ ერთი წელი, დაახლოებით მომავალ ზაფხულამდე. ეს არის სუფთა ჩემი ვარაუდი, რადგან ამისი რაიმე ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღას, ცერცვაძის მოლოდინით, ის პირველ ტალღაზე სუსტი იქნება:

„ყველა სხვა ქვეყანამ, ვინც შეზღუდვები მოხსნა, გაიარა ასე თუ ისე მეორე ტალღა ან მისი მსგავსი სიტუაცია, როდესაც შემთხვევებმა მოიმატა და იძულებულები გახდნენ, შეზღუდვების რაღაც რაოდენობა დაებრუნებინათ. ასეა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, განსაკუთრებით ისრაელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან შეზღუდვების მოხსნას, თუ საერთაშორისო ტურიზმს არ ჩავთვლით, პრაქტიკულად, არავითარი მატება არ მოყოლია. ე.ი. ის ინტერვენციები, რომელსაც ახორციელებდნენ ექიმები და სახელისუფლებო ვერტიკალი, გამოდგა ძალიან მდგრადი. აი, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო შეინარჩუნებს ასეთ ან მიახლოებულ მდგომარეობას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 რვა პირს დაუდასტურდა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ქვეყანაში 28 ივლისის დილის მონაცემებით რეგისტრირებულია COVID-19–ის 1145 შემთხვევა, მათგან 927 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6459 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S