მსოფლიოში COVID-19–ის შემთხვევები გაორმაგრებულია
28/07/2020 06:30:41 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. მისივე ცნობით, სადღეისოდ 2–ჯერ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება ვიდრე 6 კვირის წინ.
როგორც ჯანმო–ში აცხადებენ, საერთო ვითარება რთული და არაერთგვაროვანია - ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსი აგრესიულად ვრცელდება, ზოგიერთში ახალი შემთხვევების რიცხვი მცირეა, ხოლო ზოგიერთ სახელმწიფოში, სადაც ეპიდემიას თითქოს გაუმკლავდნენ, ახალი აფეთქებებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსს კარგად უმკლავდებიან იმ ქვეყნებში, რომლებმაც კონტროლის ეფექტურ ზომებს მიმართეს.
ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკ რაიანის თქმით, ბუნებრივია, არავის უნდა მკაცრ კარანტინში დაბრუნება, რადგან დიდია ეკონომიკური და სხვა უარყოფითი გავლენები, თუმცა, აუცილებელია ზუსტი, წერტილოვანი ზომების მიღება. რაიანის განცხადებით, ეს ზომები მკაფიო და თანმიმდევრული უნდა იყოს, რადგან თუ ინსტრუქციები ორ დღეში ერთხელ შეიცვლება, მოსახლეობისთვის რთული იქნება და უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.
რაც შეეხება საზღვრების დაკეტვის ეფექტურობას, მაიკ რაიანის თქმით, ამ ზომას შედეგი მოაქვს სხვა ზომების მიღებასთან ერთად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ ზომებად განიხილავს კორონავირუსის გამოვლენას, იზოლირებას, ტესტირებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, მათთან კონტაქტში მყოფთა კონტროლს და ასევე, ადამიანების მიერ სოციალური დისტანციის დაცვას, დახურულ სივრცეებში ნიღბის გამოყენებას და ხელის ხშირად დაბანას.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, არ დამალონ მათ ქვეყნებში არსებული რეალური ეპიდსიტუაცია.


