მეცნიერები – COVID-19 სმენის დაქვეითებასაც იწვევს
27/07/2020 09:35:09 მსოფლიო
COVID-19 სმენის დაქვეითებასაც იწვევს. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი მეცნიერების კვლევაში, რომელიც ჟურნალ JAMA Otolaryngology–Head & Neck Surgery–ში გამოქვეყნდა.
"კვლევის შედეგების თანახმად, COVID-19 აღმოჩნდა ყურის სიღრმეში და თავის ნაწილში, რომელსაც მასტოიდს ეძახიან. კორონავირუსს შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს სმენის ხარისხზე", – განაცხადა Johns Hopkins University School of Medicine–ს მეცნიერმა მეთიუ სტიუარტმა.
მისივე თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სხეულის ამ ნაწილზე ოპერაცია COVID-19–ით ინფიცირების რისკსაც ზრდის, თუ პაციენტი კოვიდ–ინფიცირებილი იქნება.

ივნისში ირანში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, 40 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტიდან, რომელთაც დაავადების მსუბუქი ფორმები აღენიშნებოდათ, ყველა მათგანს დაუქვეითდა სმენა ერთ ყურში.
იხილეთ ასევე: მეცნიერები – იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც Covid–19–სგან განიკურნენ, ტვინის მძიმე დაზიანებები გამოვლინდა
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 652 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 464 000–ს გადააჭარბა, 10 053 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1137-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.
წყარო: bestlifeonline


