ევროპის რამდენიმე ქვეყანაში COVID-19–ის ახალი კერები გაჩნდა
27/07/2020 06:16:10 მსოფლიო
საკარანტინო ზომების შემსუბუქებისა და ტურიზმის გახსნის შემდეგ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის ახალი კერები შეინიშნება.
ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა იწვევს შიშს, რომ ვირუსის შეკავებაში მიღწეული წარმატებები შეიძლება სწრაფად დაიკარგოს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ინფიცირების შემთხვევათა შესამჩნევ ზრდას 13-კვირიანი უკუსვლის შემდეგ. ოფიციალური პირების თქმით, ინფექციის მაჩვენებლები ახლა ჩამოჰგავს იმ სტატისტიკას, რომელიც მაისში იყო, როცა საკარანტინო ზომების შემსუბუქება მოხდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება გერმანიაშიც. ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის თქმით, ზრდა „ძირითადად დაკავშირებულია ტურისტულ საქმიანობასთან, მოგზაურთა დაბრუნებასთან ზოგიერთი რეგიონიდან, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთიდან, თურქეთიდან“.
ესპანეთში ცდილობენ, შეაკავოს ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება. ესპანეთში ვითარების გაუარესებამ სხვა ქვეყნებს უკარნახა, სამოგზაურო აკრძალვები დაუწესონ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ესპანეთში გატარებული არდადეგებიდან ბრუნდებიან შინ. დიდი ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ მატერიკულ ესპანეთში ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან. ესპანეთიდან დაბრუნებულებმა ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ.
ამჟამად მთელს მსოფლიოში შეინიშნება პანდემიის გაძლიერების ტენდენცია. ეპიდემიის დაწყებიდან მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 16 მილიონს გადააჭარბა. დღემდე მსოფლიოში COVID-19-ს 650 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.


