ზელენსკისა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
26/07/2020 19:09:10 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შორის დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც გამოცემა „უნიანი“ წერს, ორი ქვეყნის პრეზიდენტები დონბასის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის დამატებითი ზომების შემოღების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სამსახური იუწყება, საუბრის დროს ზელენსკიმ და პუტინმა 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხიც განიხილეს.
ოფიციალური ცნობების მიხედვით, ზელენსკიმ და პუტინმა კმაყოფილება გამოთქვეს დონბასის ტერიტორიაზე სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე, რომელიც ძალაში 2020 წლის 27 ივლისის 00:01 საათზე შევა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ზელენსკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დონბასისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე სამომავლო ნაბიჯების აუცილებლობაზე.


