ტრამპმა მედიკამენტებზე ფასების შემცირების განკარგულებები გამოსცა
25/07/2020 10:14:31 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიკამენტებზე ფასების შემცირების განკარგულებები გამოსცა. კერძოდ, მან ხელი მოაწერა 4 განკარგულებას. პირველი შეეხება სხვა ქვეყნებიდან უფრო იაფი მედიკამენტების იმპორტირების ნებართვას, მეორე გულისხმობს, რომ პაციენტმა ისარგებლოს იმავე ფასდაკლებებით, რასაც ფარმაცევტული კომპანიები შუამავლებს სთავაზობენ. მესამე განკარგულება მიმართულია ინსულინის ფასის შემცირებაზე, მეოთხე კი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია Medicare-ს ავალდებულებს მედიკამენტების შეძენას იმავე ფასებით, რასაც სხვა სახელმწიფოები იხდიან.
ტრამპის თქმით, წამლებზე ფასების შემცირების საკითხთან დაკავშირებით ფარმაცევტულმა კომპანიებმა მასთან შეხვედრის ორგანიზება მოითხოვეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ (PhRMA) გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება კრიტიკულადაა შეფასებული.
ანალიტიკოსები სკეპტიკურად აფასებენ იმის შანსებს, რომ ეს განკარგულებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელთა მოქმედებებზე.


