კოვიდინფიცირებულ 2 სამედიცინო პერსონალს შორის 1 ინგოროყვას კლინიკის ექიმია
25/07/2020 08:10:15 საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, რომელთაც დაავადება გასული 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდათ, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია. როგორც ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, აღნიშნული ექიმის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულადაა გადაყვანილი კარანტინის რეჟიმში.
მათივე თქმით, ინგოროყვას კლინიკა მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 13-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1117-ს შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 917, გარდაცვლილია 16 ინფიცირებული. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით 14 პროცენტის ფარგლებშია.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისის დილიდან კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, სადაც, გაჩიანის დასახლების სხვა სოფლებთან ერთად, მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 21 ივლისს დაიწყო.


