საქართველოში ახალი საკარანტინე ზონა გაჩნდა
24/07/2020 06:03:58 საზოგადოება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი იკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადასტურებს. დანარჩენ ორ სოფელზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
მერის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აღნიშნულ სოფელში კოვიდინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა, 2 –სოფელ ბირლიკში.
ბოლო რამდენიმე დღეა, გარდაბნის სოფლებში ეპიდემოიოლოგები მუშაობენ.
განახლება
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სოფელ ყარაჯალის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.
შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19 19 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ქვეყანაში სადღეისოდ კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რადენობა 1104–ს გაუტოლდა. განახლებული მონაცემების თანახმად, განკურნებულთა რაოდენობა 914 –მდე გაიზარდა, მათგან გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა სამ პირი.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 5936 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.
კორონავირუსს საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 16 ადამიანი ემსხვერპლა.


