Accentnews.ge
მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელსაც პაციენტისთვის სიმსივნის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი წლით ადრე შეუძლია

მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელსაც პაციენტისთვის სიმსივნის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი წლით ადრე შეუძლია

23/07/2020 08:43:54 საზოგადოება

მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელსაც პაციენტისთვის სიმსივნის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი წლით ადრე შეუძლია, – იუწყება ჟურნალი Nature Communications.

ჩინელი და ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, სისხლის ტესტი სახელწოდებით PanSeer ყველაზე ადრეულ სტადიაზე ეფექტურად ავლენს კუჭის, საყლაპავი მილის, ფილტვების, ღვიძლის და კოლორექტალურ კიბოს.

კვლევა ჩინეთში, ფუდანის უნივერსიტეტში 2007 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 120 000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან თითოეული ათი წლის განმავლობაში იღებდა სისხლის ანალიზს და ექიმთან რეგულარულ შემოწმებას გადიოდა. კვლევის უნიკალურობა ისაა, რომ სპეციალისტებს ონკოლოგიურ პაციენტთა სისხლზე წვდომა ჰქონდათ იმაზე ადრე, ვიდრე მათ ტრადიციული მეთოდებით კიბოს დიაგნოზს დაუსვამდნენ.

მეცნიერებმა შეისწავლეს როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული ადამიანების სისხლის ნიმუშები. მათ გააანალიზეს 605 უსიმპტომო პირის პლაზმის სინჯები, რომელთაგან 191-ს მოგვიანებით კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ასევე 223 სინჯი — კიბოს დადასტურებული დიაგნოზით და 200 ნიმუში — პირველადი სიმსივნითა და ნორმალური ქსოვილით. ამან მკვლევარებს სისხლში კიბოს განვითარების ადრეული მარკერების განსაზღვრისა და მათზე დაყრდნობით ტესტის შემუშავების საშუალება მისცა. შედეგად, ახალმა მეთოდმა 91% შემთხვევაში გამოავლინა კიბო იმ ადამიანებში, რომელთაც სისხლის ანალიზის ჩაბარების დროს სიმპტომები არ ჰქონდათ, დიაგნოზი კი 1-4 წლის შემდეგ დაესვათ. ამასთან ტესტმა 95%-იანი ალბათობით დაადგინა კიბოს არარსებობა. ხოლო იმ პაციენტებში, რომელთაც სისხლის აღების დროს კიბო უკვე დიაგნოსტირებული ჰქონდათ, ადრეული მარკერებით მისი გამოვლენის ალბათობა 88%-ს შეადგენდა.

ამრიგად, ავტორები აღნიშნავენ, რომ PanSeer-ის ტესტი ეფექტურია სწორედ ადრეულ სტადიებზე კიბოს გამოსავლენად, მაშინ, როცა სხვა მეთოდები ამაში უძლურია.

„საბოლოო ჩვენი მიზანია ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების დროს ტესტის გამოყენება სისხლის რეგულარული ანალიზისთვის“, — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კუნ ჩჟანმა.

მისი თქმით, ტესტის უახლოესი მიზანია, კიბოს დაავადებაზე შემოწმდნენ ის ადამიანები, რომლებსაც მათი ოჯახების ისტორიიდან, ასაკიდან თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, კიბოთი დაავადების მაღალი რისკები აქვთ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ PanSeer-ის ანალიზი არ წინასწარმეტყველებს იმას, თუ ვის განუვითარდება კიბო და ვის არა. ის ავლენს პაციენტებს, რომელთაც უკვე აქვთ კიბო, მაგრამ უსიმპტომოებად რჩებიან, ვინაიდან თანამედროვე მეთოდები დაავადებას ვერ ავლენს.

კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ ტესტს კიბოს ხუთი ყველაზე გავრცელებული ტიპის ადრეული სკრინინგისთვის ფართოდ გამოიყენებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S