აშშ–ში COVID–19–ის კვლავ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
23/07/2020 07:47:38 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1200 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 71 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ,– იუწყება CNN ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით.
ეს აშშ–ისთვის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელია
უკვე მეორე დღეა, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 1000-ზე მაღალია. ვირუსს ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე 143 190 პირი ემსხვერპლა, ხოლო რეგისტრირებულია 3 970 906 დადასტურებული შემთხვევა.
ცნობილია აშშ–ის მზადყოფნა, გერმანული ფარმაცევტული კომპანია Biontech-ისა და ამერიკული Pfizer-სგან 100 მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინოს და მასში 2 მილიარდი დოლარი გადაიხადოს.
თუ ცდები წარმატებით ჩაივლის და კომპანიები მიიღებენ უფლებას, რომ დაიწყონ პრეპარატის გადაუდებელი წარმოება, ვაქცინას აშშ-ის მოსახლეობა სავარაუდოდ, წლის ბოლოს მიიღებს უფასოდ. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში პანდემია რთულდება.
როგორც ტრამპმა 21 ივლისს აღნიშნა, ვაქცინის და მკურნალობის სფეროებში წინსვლაა. ამასთან, მან ამერიკელებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა, მანამდე კი თავად თვეების განმავლობაში ამბობდა უარს პირბადეზე.


