საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევები 196–მდე გაიზარდა
23/07/2020 07:37:30 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 12 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.
"5 პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 – ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 იმპორტირებულია, სამი ინფიცირებულის წყაროს მოძიება გრძელდება“, -განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე მონაცემებით, სადღეისოდ კოვიდ–ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
„ჩვენი ცენტრის მონაცემი ასეთია: გუშინ გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა არავინ არ გამოჯანმრთელებულა. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა და გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 იმპორიტრებულია, ერთი კი გაჩიანის წყაროდანაა. ორივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. 2 მძიმე პაციენტია თუმცა, მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია, მესამე დღეა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, ალბათ, ასე გაგრძელდება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს.


