„გრეის ანატომიის“ ახალ სეზონში COVID-19-ს შეეხებიან
22/07/2020 20:59:38 მსოფლიო
სამედიცინო დრამის „გრეის ანატომია“ ახალ სეზონში COVID-19-ის პანდემიას შეეხებიან. სცენარს საფუძვლად ნამდვილი ექიმების მოგონებები დაედება.
როგორც ვიდეოკონფერენციაზე სერიალის პროდიუსერმა კრისტა ვერნოფმა განაცხადა, ამერიკული ტელევიზიის ყველაზე პოპულარული დრამა ამ მნიშვნელოვან თემას გვერდს ვერ აუვლიდა.
„ჩვენთან ექიმები ყოველ წელს მოდიან და ისტორიებს გვიყვებიან, ჩვეულებრივ, რაიმე სასაცილოს ან წარმოუდგენელს, მაგრამ წელს ეს საუბრები უფრო თერაპიას დაემსგავსა: ექიმები გადატანილ ემოციებს იხსენებენ. კორონავირუსზე ისე საუბრობენ, როგორც ომზე, რომლისთვისაც მზად არ იყვნენ“, - ამბობს ვერნოფი.
„გრეის ანატომია“ ABC-ს ეთერში უკვე 15 წელია გადის. სერიალის მე-17 სეზონის გადაღებები კარანტინის გამო ჯერ არ დაწყებულა.


