Accentnews.ge
აქციაზე, რომელზეც შსს–ს არაეფექტურ მუშაობას აპროტესტებენ, დაპირისპირება მოხდა

აქციაზე, რომელზეც შსს–ს არაეფექტურ მუშაობას აპროტესტებენ, დაპირისპირება მოხდა

22/07/2020 17:50:15 საზოგადოება

თბილისში, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, სადაც რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობა აქციას მართავს, დაპირისპირება მოხდა: აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამ დროისთვის გზა ნაწილობრივ გახსნილია. სამართალდამცველებმა ადგილიდან სამი პირი დააკავეს.

როგორც დემონსტრანტებმა აღნიშნეს, სიმბოლურ აქციაზე იმდენი პოლიციელია თავმოყრილი, ეფექტური მუშაობის შემთხვევში თამარ ბაჩალიაშვილის ძებნას ხუთი დღე არ დასჭირდებოდა.

"მეც მომხვდა – ამას მიჩვეულები ვართ, გვერდებში ურტყამენ ადამიანებს",– აღნიშნა დემონსტრანტმა გიგა მაქარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლები მართავენ. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ უწყება არაეფექტიანად მუშაობს და ამის მაგალითად ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის – 19 წლის გიორგი შაქარაშვილისა და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებს ასახელებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში „გამოძიება მიმდინარეობს" ნიშნავს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული.

აქციაზე მყოფ მოქალაქეებს წითლად შეღებილი ხელთათმანები აქვთ. მათი თქმით, სწორედ, ეს სისხლისფერი ხელთათმანები გამოხატავს შსს-ს საქმიანობას. მოქალაქეებს სურდათ წითლად შეღებილი ხელთათმანები შსს-ს შენობისკენ ესროლათ, თუმცა მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. მათი თქმით, ეს სამართალდარღვევა იქნებოდა და რეაგირება მოუწევდათ.

დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ორი ახალგაზრდის საეჭვი ვითარებაში გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი: 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს;

22 ივლისს, კი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ნახეს თეთრიწყაროში, ტყესთან მდგარ ავტომანქანაში. მანამდე ახალგაზრდის ოჯახი მოითხოვდა აქტიურ სამძებრო სამუშაოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S