ცერცვაძე განმარტავს, რატომ არ უნდა მოდუნდეს ყურადღება მსუბუქ პაციენტებთან დაკავშირებით
22/07/2020 14:08:37 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არ უნდა მოდუნდეს ყურადღება მსუბუქ პაციენტებთან დაკავშირებით. როგორც იგი აღნიშნავს, "გრიპისა და სხვა დაავადებებისგან განსხვავებით Covid-19-ს მრავალ ვერაგობასთან ერთად ახასიათებს ერთი გამოკვეთილი თვისება: დაავადება ხშირად იწყება მსუბუქად ან უსიმპტომოდ და შემდეგ სწრაფად მძიმდება".
"პაციენტი შეიძლება, გახდეს მძიმე, კრიტიკული, მართვით სუნთქვაზე გადასაყვანი და ლეტალურად დამთავრდეს სულ 1–2 დღეში. ასეთი შემთხვევები არის მსოფლიოში, საქართველოშიც გვაქვს უკვე. ახლა რომ ფიქსირდება 10 –11 შემთხვევა, დღეს იყო 24, მე ცოტა თვითდამშვიდებას ვამჩნევდი, რომ ზაფხულში ვირუსი ნაკლებად ვირულენტური გახდა, და შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია. დიახ, ასეთი ტენდენცია, რომ ვირუსი შედარებით უფრო ვირულენტურია ამ თვეში მაგრამ, ეს არანაირად არ გამორიცხავს რომ ცალკეული შემთხვევები დამძიმდეს. გვახსოვდეს მუდმივად, რომ ყველა მსუბუქი პაციენტი არის იმ რისკის მატარებელი, რომ პოტენციურად რომ დამძიმდეს. ის, რომ დღეს პაციენტების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის არ უნდა გახდეს ყურადღების მოდუნების მიზეზი განსაკუთრებით ოჯახის ექიმების მხრიდან, კოვიდ–კლინიკებისა და ცხელების ცენტრების მხრიდან. ყველანაირ მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ, რომ ექიმებში ეს მენტალიტეტი განვამტკიცოთ, რომ ნებისმიერმა მსუბუქი პაციენტი შეიძლება, დამძიმდეს და მოითხოვოს ადექვატური ინტენსიური თერაპია", – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 ახალი ინფიცირებულიდან 7 არის შემოტანილი. ისინი არიან ტრაილერის მძღოლები. კიდევ 5 არის ინფიცირებულების კონტაქტები, 10 გარდაბანში კვლევის შედეგად გამოვლინდა, 2 დაავადებულის ინფიცირებულის წყარო არ არის ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 1 073 პირს დაუდასტურდა, მათგან 907 გამოჯანმრთელდა და 16 გარდაიცვალა.


