"ჩვენი გარემოცვიდან გამომდინარე მცირე მატება გარდაუვალია. ვიმედოვნებ, საქართველო არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას"
22/07/2020 13:35:29 საზოგადოება
"ჩვენი გარემოცვიდან გამომდინარე მცირე მატება გარდაუვალია. ვიმედოვნებ, საქართველო არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"მთელ მსოფლიოში მეორე ტალღა დაიწყო, საქართველო ჯერ–ჯერობით რჩება ბედნიერი გამონაკლისი რეგიონში, სადაც ერთ–ერთი ყველაზე რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. მაგრამ, ბოლო დღეებში საქართველოშიც მოიმატა ახალი შემთხვევების რაოდენობამ. დღეს გვქონდა 24 ახალი შემთხვევა, მანამდე იყო 10 –11, წინათ კი 2–3. ეს გარდაუვალი იყო. ეს ზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც პიკია ამ ინფექციების და საქართველომ რაც არ უნდა ზომები მიიღოს, მთლიანად იზოლირებული ამ ქვეყნებიდან ვერ არის, ძირითადად ტრაილერის მძღოლებს შემოაქვთ, რომლებიც არ შეიძლება, რომ არ შემოუშვა. ასევე, ახლა ცხელი წერტილია გარდაბანი, საიდანაც დღეს 10 ინფიცირებული იყო. მთავრობა როგორც მას ჩვევია, მყისიერ ზომებს იღებს , იქ დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა. იმედი მაქვს, რომ ასეთ პატარა მატებებს საქართველო დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას", – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 ახალი ინფიცირებულიდან 7 არის შემოტანილი. ისინი არიან ტრაილერის მძღოლები. კიდევ 5 არის ინფიცირებულების კონტაქტები, 10 გარდაბანში კვლევის შედეგად გამოვლინდა, 2 დაავადებულის ინფიცირებულის წყარო არ არის ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 1 073 პირს დაუდასტურდა, მათგან 907 გამოჯანმრთელდა და 16 გარდაიცვალა.


