"ინფიცირების დაუდგენელი წყაროები ნიშანია, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში ტრიალებს"
22/07/2020 09:53:32 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქვეყანაში დაუდგენელი წყაროებით კორონავირუსით ინფიცირება ვირუსის საზოგადოებაში გავრცელებას მიანიშნებს.
"ჩვენ ვანგარიშობთ 5-7 მსგავს შემთხვევას, როცა ვერ გავდიოდით ინფიცირების პირველ წყაროზე. დაახლოებით ამ ფარგლებში. ეს ნიშანია, რომ ინფექცია ცირკულირებს მოსახლეობაში", - განაცხადა გამყრელიძემ.
გუშინ ჯერ კიდევ დაუდგენელი წყაროსგან ინფიცირების 2 ახალი შემთხვევის გამოვლენამდე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევიდან 7-ის ინფიცირების წყარო ვერ დგინდებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 1 073 პირს დაუდასტურდა, მათგან 907 გამოჯანმრთელდა და 16 გარდაიცვალა.


