პარკირების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა იზრდება
22/07/2020 07:31:01 საზოგადოება
პარკირების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა იზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც რამდენიმე ცვლილება იყო გაწერილი, და პარლამენტმა ეს კანონი უკვე მიიღო.
„რას ითვალისწინებს ეს ცვლილებები - ტაქსებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება, ვინაიდან ეს სივრცეები სპეციალურად გამოყოფილია მხოლოდ „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე მთელი ქალაქის მასშტაბით დავიწყეთ ელექტროდამტენების დაყენება, რათა წავახალისოთ ელექტრომობილების არსებობა ქალაქში. აქაც გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ამ აპარატებთან ჩვეულებრივი ავტომობილებია გაჩერებული, რაც ელექტრომობილების პრობლემებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. შესაბამისად, ამ ადგილებზე არასწორი პარკირებაც 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება. სხვადასხვა რაიონში, განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ავტომობილები თვეებისა და წლების განმავლობაში იყო გაჩერებული და მათი მფლობელები კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. მაგალითისთვის შემიძლია კოტე აფხაზის ქუჩა მოვიყვანო და ასეთი ქუჩები ბევრია. ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სხვა ავტომობილების მძღოლებს. შესაბამისად, აქ ჯარიმის ოდენობა 10-დან 100 ლარამდე გაიზრდება, განმეორებით შემთხვევაში კი - 200 ლარი. ასევე ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ავტომობილები გზებზე უბრალოდ მიტოვებულია წლების განმავლობაში. შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში გააჩერონ ავტომობილი კონკრეტულ ადგილზე, ამ ვადის გადაცილებისთვის კი ჯარიმა 50 ლარი იქნება. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე, ჩვენ შეგვიძლია ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. ამას ემატება საბურავებზე სპეციალური ჩამკეტის დაყენება და ავტომობილის ბლოკირება“, - განაცხადა კალაძემ.


