"24 ახალი ინფიცირებულიდან 10 გარდაბანს უკავშირდება, ხოლო 2 დაავადებულის წყარო უცნობია"
22/07/2020 07:03:19 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 ახალი ინფიცირებულიდან 10 გარდაბანს უკავშირდება, ხოლო 2 დაავადებულის წყარო არ არის ცნობილი.
"ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ–ცენტრებში 188 პაციენტი მკურნალობს. 24 ახალი ინფიცირებულიდან 7 არის შემოტანილი. ისინი არიან ტრაილერის მძღოლები. კიდევ 5 არის ინფიცირებულების კონტაქტები, 10 გარდაბანში კვლევის შედეგად გამოვლინდა, 2 დაავადებულის ინფიცირებულის წყარო არ არის ცნობილი", – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 მძიმე პაციენტია:
"ჩვენთან გუშინ იყო 26 დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 2 და შემოვიდა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვაყავს 28. 4-დან ორი გახლავთ ჩვენი პაციენტების კონტაქტში მყოფი პირი. 2 პაციენტის წყარო გახლავთ გარდაბნის ინფიცირებულები. 28 პაციენტიდან კვლავ გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და ვირუსის პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ“.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1073-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა


