პოლიციამ ლუცკში, გატაცებული ავტობუსიდან სამი მძევლის გამოყვანა მოახერხა
21/07/2020 18:09:47 მსოფლიო
პოლიციამ ლუცკში, გატაცებული ავტობუსიდან სამი მძევლის გამოყვანა მოახერხა.
ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ავრცელებს.
ლუცკში სპეცოპერაცია უკვე ცხრა საათზე მეტია, მიმდინარეობს.
შეიარაღებული პირი ლუცკში ავტობუსს დაესხა თავს და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა, რომელთა გასათავისუფლებად მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა უკვე დაადგინა. იგი 44 წლის მაქსიმ კრივოშია. იგი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი და 10 წელი პატიმრობაში იყო.
შეიარაღებული პირი აცხადებს, რომ ავტობუსი და ქალაქის ერთ-ერთი ადგილი დანაღმა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საუბარია იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც ჟურნალისტებს ერთ-ერთი მძევალი ქალის შვილმა გადასცა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს.
მედიის ინფორმაციით, გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა „იუთუბზე“ მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“.
"ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.
პოლიციას ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს.


