ტერორისტი, რომელმაც უკრაინაში ავტობუსის 20 მგზავრი მძევლად აიყვანა, აცხადებს, რომ ერთ–ერთი პირი დაჭრილია
21/07/2020 17:27:34 მსოფლიო
ტერორისტი, რომელმაც უკრაინაში, ქალაქ ლუცკში ავტობუსის 20 მგზავრი მძევლად აიყვანა, აცხადებს, რომ ერთ–ერთი პირი დაჭრილია.
"მძევლები ცუდ განწყობაზე არიან. ერთ–ერთი დაჭრილია, ერთი ფეხმძიმეა, ერთი კი – ბავშვია. თუ ჩემი მოთხოვნა შესრულდება, მათ გავათავისუფლებ", – განუცხადა ტერორისტმა ტელეარხ НТА– ჟურნალისტებს.
რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული პირი ლუცკში ავტობუსს დაესხა თავს და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა, რომელთა გასათავისუფლებად მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა უკვე დაადგინა. იგი 44 წლის მაქსიმ კრივოშია. იგი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი და 10 წელი პატიმრობაში იყო.
შეიარაღებული პირი აცხადებს, რომ ავტობუსი და ქალაქის ერთ-ერთი ადგილი დანაღმა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საუბარია იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც ჟურნალისტებს ერთ-ერთი მძევალი ქალის შვილმა გადასცა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს.
მედიის ინფორმაციით, გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა „იუთუბზე“ მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“.
"ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.
პოლიციას ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს.


