მედია – ლუცკში ესროლეს პოლიციის შენობას, რომელშიც უკრაინის შს მინისტრი იმყოფებოდა
21/07/2020 14:15:06 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ლუცკში პოლიციის შენობას ესროლეს, რომელშიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იმყოფებოდა, – იუწყება უკრაინული მედია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ტყვიამ მეორე სართულის ფანჯრები დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავაკოვი პოლიციის შენობაში შეხვედრას მართავდა, სროლის შემდეგ კი, მისმა კორტეჟმა ტერიტორია დატოვა.
შენობა, რომელშიც ავაკოვი იმყოფებოდა, საკმაოდ ახლოს არის თეატრის მოედანთან, სადაც შეიარაღებული პირი ავტობუსს დაესხა თავს და 20 მგზავრი ამ დრომდე მძევლად ჰყავს აყვანილი.
პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა უკვე დაადგინა. იგი 44 წლის მაქსიმ კრივოშია. იგი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი და 10 წელი პატიმრობაში იყო.
შეიარაღებული პირი აცხადებს, რომ ავტობუსი და ქალაქის ერთ-ერთი ადგილი დანაღმა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საუბარია იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც ჟურნალისტებს ერთ-ერთი მძევალი ქალის შვილმა გადასცა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს.
მედიის ინფორმაციით, გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა „იუთუბზე“ მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“.
"ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.
პოლიციას ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს.


