ნავთლუღის წმ. ბარბარეს ტაძარში მიმდინარე უნებართვო სამუშაოებს საპატრიარქო შეისწავლის
21/07/2020 13:31:43 საზოგადოება
ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებსა და იქ არსებული არტეფაქტების შესაძლო დაზიანების შესახებ გავცელებულ ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებით ეხმაურება.
განცხადებიდან ირკვევა, რომ ამ საკითხზე 20 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი. რომლის განმარტებით,სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტაძრის ინტერიერის ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები (ე.წ. მეტლახი). სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.
ამის მიუხედავად, საპატრირქოში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს.
„დეკანოზ ისე არზოხაშვილს თავის დროზე ნებართვისთვის არ მოუმართავს არც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის დავით (მახარაძე) განცახდებთ, საპატრიარქო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ერთად დეტალურად შეისწავლის მომხდარს და ამის შემდეგ დარღვევების აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯი დაიგეგმება.
იხილეთ ასევე: "ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიის ისტორიული იერსახე განადგურებულია"


