კორონავირუსის კრიზისის გამო რუსეთი თავდაცვის ხარჯების შემცირების საკითხს განიხილავს
21/07/2020 12:09:09 მსოფლიო
ნავთობის ფასის ვარდნისა და ახალი კორონავირუსის კრიზისის გამო რუსეთი თავდაცვის ხარჯების შემცირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო მიმართავს მთავრობას თავდაცვის ხარჯები შეამციროს 5%–ით 2021–2023 წლებში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რუსეთი მსოფლიოში რიგით მეოთხე ქვეყანა იყო, რომელმაც თავდაცვის ხარჯები მკვეთრად გაზარდა. კერძოდ, 2019 წელს მოსკოვმა სამხედრო ხარჯები 4,5%–ით გაზარდა.
თანხის ზუსტი ოდენობა რამდენს ხარჯავს სამხედრო გაძლიერებაზე რუსეთი, სახელმწიფო საიდუმლოებაა. თუმცა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს მოსკოვმა სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 20 ტრილიონი რუბლი (დაახლოებით 282 მილიარდი დოლარი) გამოჰყო.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს რუსეთის ეკონომიკა 6% -ით შემცირდება.


