ღია სტადიონებზე გულშემატკივარს დაუშვებენ
21/07/2020 10:00:36 საზოგადოება
უახლოეს 2-3 დღეში, შესაბამის პროტოკოლში ასახვის შემდეგ, ღია სტადიონებზე სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივართა დასწრება ნებადართული გახდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან კობიაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ეს ცვლილება არ შეეხება დახურულ არენებს და სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე გავრცელდება, სადაც ორთაბრძოლა ღია სივრცეებში ტარდება.
ლევან კობიაშვილის განმარტებით, მაყურებელი სპორტულ ღონისძიებებზე შესაბამისი რეგულაციების დაცვით დაიშვება. კერძოდ, ეს შეეხება როგორც თერმოსკრინინგსა და პირბადეებს, ასევე სოციალური დისტანციის დაცვას. ლევან კობიაშვილის თანახმად, წინასწარ განისაზღვრება სტადიონების ზომის შესაბამისად, რა რაოდენობის მაყურებლის დაშვება იქნება შესაძლებელი:
„სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივრებს ვნახავთ, დავუშვებთ სტადიონებზე, თუმცა თითოეული გულშემატკივრის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მოცემულობა, რაც იქნება პროტოკოლით გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


