24 ივლისს აია-სოფიაში ისლამური ლოცვა ჩატარდება და ფრესკები ფარდით დაიფარება
20/07/2020 20:47:40 მსოფლიო
რეჯიფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიას მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა და ტაძრის მეჩეთად გადაკეთების სამუშაოები შეამოწმა. როგორც ცნობილია, 24 ივლისს აია-სოფიაში 500–კაციანი ისლამური ლოცვის ჩატარება იგეგმება.
თურქეთის რელიგიურ საკითხთა დირექტორატის განცხადებით, აია-სოფიაში ქრისტიანული ფრესკებს ფარდა ჩამოეფარება.
პრეზიდენტის პრეს–სპიკერის იბრაჰიმ კალიმის ინფორმაციით, ფარდით დაიფარება ღვთისმშობლის და გაბრიელ მთავარანგელოზის მოზაიკა.
ღვთისმშობლის და სერაფიმების ფრესკა საკურთხევლის გუმბათზეა გამოსახული. პირველად აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შემდეგ, მიჰრაბი ასევე საკურთხეველში გაკეთდა. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ სულთან მაჰმედ მეორემ ბრძანა, რომ ღვთისმშობლის და სერაფიმების ეს ფრესკა არ დაეფარათ.
პრეს–სპიკერის თქმით, სხვა ქრისტიანული ფრესკები ლოცვას ხელს არ უშლის.
11 ივნისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია–სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად, აია–სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.
10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, ცვლილებების შემთხვევაში, აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.
ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.
1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.


