გარდაბანი შესაძლოა, ჩაიკეტოს
20/07/2020 18:17:40 საზოგადოება
გარდაბანი შესაძლოა, ჩაიკეტოს. საკითხზე 21 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში იმსჯელებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგებს აღელვებთ ქვემო ქართლში – გარდაბნის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარდება.
მისი ინფორმაციით, 21 ივლისიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება და რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.
„ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ. გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება, გვინდა რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება, გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


