გერმანიის 4 რეგიონის მმართველი ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყნიდან კონტინგენტის არგაყვანის თხოვნით მიმართავს
20/07/2020 12:06:31 მსოფლიო
გერმანიის 4 რეგიონის მმართველი ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყნიდან კონტინგენტის არგაყვანის თხოვნით მიმართავს. ბადენ-ვიურტემბერგის, ბავარიის, ჰესენის და რაინლანდ-პფალცის ლიდერებმა შესაბამისი წერილი აშშ–ის კონგრესის 13 წევრს უკვე გაუგზავნეს.
"თავისი ბაზებით, სამხედრო საავადმყოფოებით და სხვა ინფრასტრუქტურით აშშ-ის ძალების ყოფნა გერმანიაში უმნიშვნელოვანესია. ის ევროპაში აშშ–ის წარმომადგენილობის ხერხემალია და ხელს უწყობს ნატო–ს უნარს, იმოქმედოს", – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სამხედროები ქვეყნის ხსენებულ 4 რეგიონში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის განთავსებული.
ცოტა ხნის წინ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანია თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გერმანიაში განთავსებული ამერკელი სამხედროების რაოდენობის 25 000-მდე შემცირებას გეგმავს.
"ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ის კი არასწორად იქცევა ნატო–ში შენატანთან დაკავშირებით. ასე, რომ ვგეგმავთ, 25 000-მდე შევამციროთ გერმანიაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა. ალიანსის წევრები აღარ უნდა ეყრდნობოდნენ ასე მძიმედ აშშ–ს თანხებს ნატო–ს შესანარჩუნებლად. აშშ–ის კონტინგენტის განთავსებით გერმანია ფინანსურ სარგებელსაც იღებს, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ფულს ამ ქვეყანაში ხარჯავენ", – განაცხადა ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.
რიგი ამერკელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონი გერმანიაში კონტინგენტს შეამცირებს, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ხოლო ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.
ამ დროისთვის გერმანიაში 34 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.


